ჩრდილოეთ აიდაჰოში მდებარე სატვირთო კომპანიის მფლობელი აცხადებს, რომ ბიზნესს ხურავს, ნაწილობრივ იმიტომ, რომ „კარგი მძღოლები გადაშენების პირას არიან“.
Wes Olson Trucking ვეს ოლსონმა ქალაქ სენდპოინტთან ახლოს, აიდაჰოში დააარსა. ოლსონმა გადაზიდვებში საქმიანობა 1958 წელს დაიწყო და 1961 წელს შეიძინა 1955 წლის Mack-ის სატვირთო და დამოუკიდებლად დაიწყო მუშაობა. მოგვიანებით, მან თავისი საქმე საოჯახო ბიზნესად აქცია და რეგიონში მერქნის გადასაზიდად 30-მდე ტრაქტორი შეიძინა.
1970-იან წლებში, ვესი და მისი ვაჟი ჯიმი ყინულის ხიდზეც კი გადაადგინლდებოდნენ, იუკონის მდინარეზე, ჩრდილოეთ ალასკაში.
„ჩვენ ყინულის მძღოლები ვიყავით ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ასეთ სახელს დაარქმევდნენ,“ — განუცხადა ჯიმმა Bonner County Daily Bee-ს. „თუ გიყვარს, ძალიან კარგი სამუშაოა,“ — დაამატა მან. „თავისუფალი ხარ, თავს არავინ გაბეზრებს ზედამხედველობით.“
1990-იან წლებში ვესმა ბიზნესი ჯიმს გადააბარა. ჯიმმა კომპანია 2024 წლამდე მართა. მარტში კომპანიამ ბოლო სატვირთო რეისი შეასრულა და ახლა დარჩენილ ავტოპარკს ყიდის, რადგან ჯიმი პენსიაზე გასვლისთვის ემზადება.
ჯიმიც და ვესიც თანხმდებიან, რომ კომპანიის დახურვის გადაწყვეტილებაზე გავლენა რამდენიმე ფაქტორმა იქონია — მათ შორის, კვალიფიციური მძღოლების დეფიციტმა, საოპერაციო ხარჯების ზრდამ და რეგულაციების გამკაცრებამ.
„ყველაზე დიდი პრობლემა ჯანსაღი აზრია,“ — ამბობს ვესი. „ზოგს აქვს, ზოგს — არა.“
„კარგი მძღოლები გადაშენების გზაზე არიან. უბრალოდ აღარ არსებობენ,“ — დასძინა ჯიმმა. მისი თქმით, კომპანიას უჭირს რაოდენობრივად კვალიფიციური მძღოლების პოვნა და მოთხოვნაზე მორგება.
„ბოლო რამდენიმე წელში შესანიშნავი გუნდი გვყავდა — მაგრამ უბრალოდ საკმარისი რაოდენობა არ იყო,“ — აღნიშნა მან.
დასაქმების სირთულეების გარდა, Wes Olson Trucking-მა 2023 წელს მიწაზე ხანძარიც გადაიტანა, რის შედეგადაც სადაზღვევო გადასახადები კატასტროფულად გაუძვირდათ.
„წელს მარტო დაზღვევაში 300,000 დოლარს ვიხდიდით,“ — ამბობს ჯიმი. „ეს თითქმის წარმოუდგენელი თანხაა.“
ამასთან ერთად, კომპანია ვერ ახერხებდა იმ მძღოლების დაზღვევას, რომლებსაც 25 წელზე ნაკლები ასაკი ჰქონდათ, რაც კიდევ უფრო ამცირებდა პერსონალის შერჩევის შესაძლებლობებს და ართულებდა საქმიანობის გაგრძელებას.
ორივე თანხმდება, რომ ახლა თავადაც „გადაშენების გზაზე მყოფი თაობის“ ნაწილი არიან, ამბობენ, რომ კარგი დრო გაატარეს ამ სფეროში, მაგრამ ახლა უკვე დროა შეისვენონ.
„ბევრი ადამიანი გავიცანით ამ წლების განმავლობაში,“ — აღნიშნა ჯიმმა, — „ძალიან ბევრ ადამიანს ვუხდით მადლობას.“
ჯიმი ამბობს, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ ყველაზე მეტად ელის „თევზაობას — სადაც და როცა მოუნდება.“